არითმიების მართვის სამსახური - ცენტრში ფუნქციონირებს არითმიების მართვის სამსახური. ეს სამსახური თანამედროვედ აღჭურვილ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში ატარებს სხვადასხვა სირთულის ოპერაციები, ცენტრში წარმატებით ხორციელდება შემდეგი სახის ოპერაციები :
პერმანენტული პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია - აღნიშნული ოპერაცია უტარდებათ მკვეთრად შენელებული გულისცემის მქონე პაციენტებს. ოპერაცია მიმდინარეობს დაახლოებით 1 საათი, ის ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. ოპერაციის შემდეგ მყისიერად ხდება გულისცემის სიხშირის გამოსწორება. პაციენტი სახლში ეწერება ოპერაციიდან 24 საათის გასვლის შემდეგ.
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია - ეს ოპერაცია უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს. სწორედ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი წარმოადგენს უეცარი კარდიული სიკვდილის პრევენციის ერთადერთ საშუალებას. აღნიშნული ოპერაცია ტექნიკურად პერმანენტული პეისმეიკერის იმპლანტაციის მსგავსია.
რესინქრონიზატორის და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია - აღნიშნული ოპერაცია უტარდებათ გულის უკმარისობისა და უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პირებს. ეს ჩარევა შედარებით უფრო რთულია ვიდრე ზემოთაღნიშნული ოპერაციები და საშუალოდ 2-3 საათს გრძელდება.
მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) იმპლანტაცია - ამ მოწყობილობის ჩანერგვა ხდება გონების დაკარგვის (სინკოპეს) მიზეზის/დიაგნოზის დასადგენად. ზოგადად გონების დაკარგვის მიზეზის დადგენა ხშირად რთულია და გარკვეულ შემთხვევებში მიზეზის პოვნა ვერც კი ხერხდება (აუხსნელი სინკოპე). ამ მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია სინკოპეს არითმოგენული მიზეზების სრულყოფილი შესწავლა, რაც პაციენტისთვის სათანადო დახმარების საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია რომ ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში ხდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული წარმოების მოწყობილობების იმპლანტაცია.
მიმართულების ხელმძღვანელი : ზვიად მათოშვილი