მოციმციმე არითმია

ფილტვის ვენების მაღალტექნოლოგიური აბლაცია წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არითმიის) დროს.

წინაგულთა ფიბრილაცია ჩნდება, როდესაც გულის გარკვეულ უბანში (წინაგულში, ფილვის ვენების გარშემო) წარმოიქმნებიან არასწორი ელექტრული იმულსის  უბნები და ამ დროს აბლაციის მიზანია სწორედ ამ უბნების ელექტრულ იზოლაცია ნორმალური ქსოვილისაგან, რათა აღნიშნულმა არასწორმა იმპულსებმა ვეღარ დაარღვიონ გულის მუშაობის ნორმალური რიტმი. წინაგულთა ფიბრილაციის (მოციმციმე არიტმიის) დროს ფილტვის ვენების მაღალტექნოლოგიური აბლაცია წარმოადგენს აღნიშნული არიტმიის მკურნალობის  ყველაზე ეფექტურ და თანამედროვე მეთოდს.

რა არის  ძირითადი მიზეზები, რის გამოც შეიძლება დაგჭირდეთ ეს პროცედურა ? 

  1. სიმპტომების შემცირება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - აბლაციის მთავარი მიზანია დაგიბრუნოთ ცხოვრების ნორმალური რიტმი. 

პროცედურის შემდეგ პაციენტების უმრავლესობაში

  • ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება გულის ფრიალი, ქოშინი და ზოგადი სისუსტე;

  • იზრდება ფიზიკური დატვირთვის უნარი და ენერგიის დონე;

  • უმჯობესდება ძილის ხარისხი და საერთო ემოციური მდგომარეობა.

2. მედიკამენტებზე დამოკიდებულების შემცირება - ბევრი პაციენტისთვის ანტიარიტმიული წამლები ნაკლებად ეფექტურია ან იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა დაბალი პულსი, დაღლილობა ან თავბრუსხვევა, ორგანოთა დაზიანება. წარმატებული აბლაცია ხშირად იძლევა ამ წამლების დოზის შემცირების ან მათზე საერთოდ უარის თქმის საშუალებას.

3. გულის დაცვა - ქრონიკულმა არითმიამ დროთა განმავლობაში შეიძლება დაასუსტოს გულის კუნთი (გამოიწვიოს გულის უკმარისობა). აბლაცია ეხმარება გულს გულის უკმარისობის პროფილაქტიკაში: ნორმალური რიტმის აღდგენა ამცირებს გულზე დატვირთვას, ასევე ახდენს სტრუქტურული ცვლილებების შეჩერებას: ხელს უშლის წინაგულების გაფართოებას და გულის კუნთის დაზიანებას.

4. გართულებების რისკის შემცირება - კვლევები აჩვენებს, რომ ადრეულ ეტაპზე ჩატარებული აბლაცია ასოცირდება: ინსულტის რისკის პოტენციურ შემცირებასთან, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების კლებასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდასთან. პროცედურის დროულობა მნიშვნელოვანია: რაც უფრო ადრე ჩატარდება აბლაცია (სანამ არითმია მუდმივ ფორმაში გადავა), მით უფრო მაღალია მისი გრძელვადიანი წარმატების შანსი.

რა შემთხვევაშია წინაგულთა ფიბრილაციის აბლაცია უკუნაჩვენები?

წინაგულთა ფიბრილაციის დროს აბლაცია, მიუხედავად მისი მაღალი ეფექტურობისა, გარკვეულ შემთხვევებში არ ტარდება. უკუჩვენებები შეიძლება იყოს აბსოლუტური (როდესაც პროცედურა კატეგორიულად დაუშვებელია) ან ფარდობითი (როდესაც რისკი აჭარბებს პოტენციურ სარგებელს).

ძირითადი უკუჩვენებებია:

  • თრომბი მარცხენა წინაგულში: ეს არის აბსოლუტური უკუჩვენება. აბლაციის დროს კათეტერის მანიპულაციამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბის მოწყვეტა და ინსულტი. პროცედურის წინ ყოველთვის ტარდება გამოკვლევა (მაგალითად, ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია) თრომბის გამოსარიცხად.

  • აქტიური ინფექცია ან სეფსისი: ნებისმიერი მწვავე ინფექციური პროცესი ორგანიზმში ზრდის გართულებების რისკს და აფერხებს გამოჯანმრთელებას.

  • ანტიკოაგულაციური (სისხლის შდედების დაქვეითება) თერაპიის შეუძლებლობა: აბლაციის წინ, დროს და შემდეგ აუცილებელია სისხლის გამათხელებლების მიღება თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. თუ პაციენტს აქვს სისხლდენის მაღალი რისკი ან სხვა მიზეზი, რის გამოც ვერ იღებს ამ წამლებს, აბლაცია შეიძლება უკუნაჩვენები იყოს.

  • მძიმე სტრუქტურული ცვლილებები გულში: მარცხენა წინაგულის უკიდურესად დიდი ზომა მნიშვნელოვნად ამცირებს აბლაციის წარმატების შანს. ასეთ შემთხვევაში პროცედურა ხშირად მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

  • ორსულობა: რენტგენოსკოპიული გამოსხივების გამო, რომელიც პროცედურის დროს გამოიყენება, აბლაცია ორსულობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული.

  • გარდამავალი და შექცევადი მიზეზები: თუ არიტმია გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება - ჰიპერთირეოზი, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ან ელექტროლიტური დისბალანსი), ჯერ ამ მიზეზების მკურნალობაა საჭირო. 

აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა აბლაციის წარმატებული და უსაფრთხო ჩატარებისთვის პაციენტის ასაკს ან სქესს, სხვა დაავადებების თანაარსებობას?

დიახ, რა თქმა უნდა. პაციენტის ასაკს, სქესს და თანმხლებ დაავადებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც პროცედურის წარმატებისთვის, ისე მისი უსაფრთხოებისთვის. აი, როგორ მოქმედებს თითოეული ეს ფაქტორი:

1. თანმხლები დაავადებები (ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი) - აბლაციის წარმატება პირდაპირ კავშირშია თქვენს საერთო ჯანმრთელობასთან. შედეგს აუარესებს: 

  • არტერიული ჰიპერტენზია: თუ წნევა არ არის კონტროლირებული, არითმიის დაბრუნების შანსი იზრდება. 

  • ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი>30): სიმსუქნე ზრდის წინაგულებზე დატვირთვას და აბლაციის შემდგომ რეციდივის რისკს. წონის კლება ხშირად პროცედურის ეფექტურობას საგრძნობლად ზრდის. 

  • ძილის აპნოე: ძილის დროს სუნთქვის შეჩერება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია არიტმიის განმეორების. 

  • შაქრიანი დიაბეტი: გავლენას ახდენს გულის ქსოვილის სტრუქტურაზე (ფიბროზი), რაც აბლაციას ართულებს. 

2. ასაკი - თავისთავად არ არის დაბრკოლება, თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი: ახალგაზრდებში აბლაცია უფრო ეფექტურია, რადგან გულის ქსოვილი ნაკლებად არის შეცვლილი. ხანდაზმულებში (75+ წელი): პროცედურა ტარდება, მაგრამ რისკები (სისხლდენა, სისხლძარღვოვანი გართულებები) ოდნავ მაღალია. თუმცა, ხანდაზმულებისთვის, ვისაც წამლები ვერ შველის, აბლაცია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო გზაა.

3. სქესი - კვლევები აჩვენებს გარკვეულ განსხვავებებს: ქალებში წინაგულთა ფიბრილაცია ხშირად უფრო გვიან დიაგნოსტირდება და სიმპტომები უფრო მძაფრად ვლინდება. ქალებს ზოგჯერ სჭირდებათ განმეორებითი აბლაცია სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა უსაფრთხოების მხრივ მამაკაცებთან შედარებით დიდი სხვაობა არ არის. მამაკაცებში არითმია უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება, რაც აბლაციის ადრეულ ეტაპზე ჩატარების საშუალებას იძლევა.

შეჯამება: მხოლოდ აბლაცია არიტმიის გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის. წარმატებისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა: წნევის მოწესრიგება, წონის კონტროლი და სხვა ქრონიკული დაავადებების მართვა. თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა ან შაქრიანი დიაბეტი), აუცილებლად აცნობეთ თქვენს არითმოლოგს, რათა მან წინასწარ დაგეგმოს მათი ოპტიმიზაცია.

რა ტიპის ანესთეზიას საჭიროებს ფილტვის ვენების მაღალტექნოლოგიური აბლაცია და ვინ ატარებს მას?

პროცედურა შეიძლება ჩატარდეს როგორც ზოგადი ანესთეზიით (პაციენტს სძინავს), ისე ღრმა სედაციით (პაციენტი მოდუნებულია და ვერ გრძნობს ტკივილს).

აბლაციას ატარებს არიტმოლოგი (იგივე ელექტროფიზიოლოგი) - ვიწრო სპეციალიზაციის კარდიოლოგი, რომელმაც ზოგადი კარდიოლოგიის კურსის დასრულების შემდეგ გაიარა დამატებითი მომზადება გულის ელექტრული სისტემის დაავადებებისა და რიტმის დარღვევების მკურნალობაში.

რა შედეგები აქვს აბლაციას? რამდენად ხშირია წარმატებული ჩარევა და რა ხდება, თუ ჩარევა წარუმატებელი გამოდგა?

როგოეც უკვე ითქვა წინაგულთა ფიბრილაციის აბლაციის შედეგები დამოკიდებულია არითმიის ფორმასა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზე. 

წარმატების მაჩვენებელი

  • შეტევითი (პაროქსიზმული) ფორმა: წარმატების შანსი ყველაზე მაღალია და პირველივე პროცედურის შემდეგ 70-80%-ს აღწევს. პაციენტების დიდ ნაწილს არითმია აღარ უბრუნდება.

  • მუდმივი (პერმანენტული, პერსისტული) ფორმა: თუ არიტმია დიდხანს (თვეები ან წლები) გრძელდება, წარმატების შანსი ოდნავ დაბალია - დაახლოებით 50-60%.

რა ითვლება წარმატებულ შედეგად?

  • სრული განკურნება: პაციენტს აღარ აქვს არიტმიის ეპიზოდები და აღარ სჭირდება წამლები.

  • მდგომარეობის გაუმჯობესება: არიტმიის შეტევები ხდება გაცილებით იშვიათი, ხანმოკლე და ადვილად მოსათმენი. მედიკამენტები, რომლებიც ადრე არ მოქმედებდა, აბლაციის შემდეგ ეფექტური ხდება.

რა ხდება, თუ ჩარევა წარუმატებელი გამოდგა?

თუ აბლაციის შემდეგ არიტმია მაინც განმეორდა, ეს არ ნიშნავს, რომ პროცედურამ აზრი დაკარგა. ასეთ დროს არსებობს რამდენიმე გზა: 

  • განმეორებითი აბლაცია: ეს საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა. ხშირად, პირველი პროცედურის შემდეგ ფილტვის ვენებსა და გულს შორის ელექტრული კავშირი ნაწილობრივ აღდგება ("ნაპრალები" ჩნდება ნაწიბურში). მეორე პროცედურა ამ წერტილების საბოლოო იზოლაციას ახდენს, რაც წარმატების შანსს 90%-მდე ზრდის. 

  • მედიკამენტური თერაპიის კორექცია: აბლაციის შემდგომ "მომზადებულ" გულზე წამლები გაცილებით უკეთ მუშაობს და ნორმალური რიტმის შენარჩუნება უფრო ადვილია.

  • სხვა მეთოდები: თუ კათეტერული აბლაცია რამდენჯერმე უშედეგო აღმოჩნდა, შეიძლება განიხილოს უფრო რადიკალური მეთოდები.

მნიშვნელოვანია: აბლაციიდან პირველი 3 თვე ითვლება ე.წ. „მოშუშების პერიოდად“. ამ დროს არითმიის ეპიზოდები შესაძლოა მაინც დაფიქსირდეს გულის ქსოვილის ანთებითი რეაქციის გამო, რაც სულაც არ ნიშნავს პროცედურის წარუმატებლობას.

რა შესაძლო გართულებები ახლავს თან აბლაციას?

წინაგულთა ფიბრილაციის აბლაცია მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა, როგორც ნებისმიერ ინვაზიურ ჩარევას, მასაც ახლავს გარკვეული რისკები. სერიოზული გართულებების საერთო მაჩვენებელი დაბალია (დაახლოებით 2-3%).

როგორ ვამცირებთ რისკებს?

  • პროცედურის წინ ტარდება გულის ექოსკოპია ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

  • ბარძაყის ვენის პუნქციის, ასევე ტრანსსეპტალური პუნქციის დროს ხდება კათეტერების ულტრაბგერითი და რენტგენოსკოპიული კონტროლი.

  • ექიმი მუდმივად აკონტროლებს სისხლის შედედების მაჩვენებელს (ACT) პროცედურის მსვლელობისას.

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

© 2023-2026 - Angio - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სიახლეების გამოწერა