
კარდიოლოგია
ცენტრის კარდიოლოგიური სამსახური წარმოდგენილია კარდიოლოგიისა და რითმოლოგიის დეპარტამენტებით და აერთიანებს მაღალკვალიფიციურ კარდიოლოგებს, რითმოლოგებსა და ინტერვენციონისტ კარდიოლოგებს. კლინიკური საქმიანობა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობის სტრატეგიებს.
ცენტრი უზრუნველყოფს როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ მომსახურებას, რაც მოიცავს კარდიოვასკულარული პათოლოგიების სრულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
კარდიოლოგიური დეპარტამენტი
დეპარტამენტის შემადგენლობაში ფუნქციონირებს სტაციონარული და კარდიოინტენსიური თერაპიის განყოფილებები, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. პაციენტთა მართვა ხორციელდება მულტიდისციპლინარული მიდგომითა და თანამედროვე კლინიკური რეკომენდაციების გათვალისწინებით.
დეპარტამენტი უზრუნველყოფს მწვავე და ქრონიკული კარდიოლოგიური პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, მათ შორის:
კორონარული არტერიების დაავადება (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია)
გულის რითმის დარღვევები
გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა
არტერიული ჰიპერტენზია
გულის სარქვლოვანი პათოლოგიები
სეპტიური ენდოკარდიტი
მიოკარდიტი
პერიკარდიტი
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
კარდიომიოპათიები
დეპარტამენტს აქვს მჭიდრო ინტეგრაცია ენდოვასკულური ქირურგიისა და კარდიოქირურგიის გუნდებთან, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს კორონარული არტერიების სტენტირების ან ქირურგიული რევასკულარიზაციის დროულ განხორციელებას.
დეპარტამენტში ასევე ტარდება სტრუქტურული გულის დაავადებების ინტერვენციული მართვა, მათ შორის:
აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (TAVI)
მარჯვენა გულის კათეტერიზაცია
მძიმე სარქვლოვანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის ორგანიზება
დამატებით, ხორციელდება არაკარდიოლოგიური ოპერაციების წინ პერიოპერაციული კარდიული რისკის შეფასება, მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები, ახალი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიების დანერგვა, სასწავლო და პედაგოგიური საქმიანობა სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, ასევე სარეზიდენტო და სადოქტორო პროგრამების განხორციელება.
რითმოლოგიის დეპარტამენტი
დეპარტამენტი უზრუნველყოფს გულის რითმის დარღვევების ინტერვენციულ და ელექტროფიზიოლოგიურ მართვას, მათ შორის:
მუდმივი კარდიოსტიმულატორის (Pacemaker) იმპლანტაცია
იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) ჩანერგვა
კარდიული რესინქრონიზაციული თერაპია (CRT)
კათეტერული აბლაცია 3D ნავიგაციის სისტემების გამოყენებით
უსადენო კაფსულური პეისმეიკერის (Micra) იმპლანტაცია
ჰისის კონისა და მარცხენა ტოტის პეისინგი (LBBAP)
⸻
ცენტრის ამბულატორიული სამსახური
ამბულატორიული მიმართულება უზრუნველყოფს კარდიოვასკულარული სისტემის სრულ დიაგნოსტიკურ სპექტრს:
ელექტროკარდიოგრაფია (ECG)
ელექტროკარდიოგრამის 24–48 საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი
ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ტრედმილი)
ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია
სტრეს-ექოკარდიოგრაფია დობუტამინით
არტერიული წნევის 24-საათიანი მონიტორინგი (ABPM)
არტერიული და ვენური სისტემის დუპლექს და დოპლერსკანირება
გულის კომპიუტერული ტომოგრაფია (Cardiac CT)
ამბულატორიაში პაციენტებს კონსულტაციას უწევენ მაღალკვალიფიციური კარდიოლოგები, ასევე ხორციელდება პოსტკარდიოქირურგიული პაციენტების გრძელვადიანი მონიტორინგი და მართვა.



